2020 წელს დედამიწის დღე რთულ პერიოდს ემთხვევა. COVID-19-მა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში მკვეთრად იზრდება და მრავალ ქვეყანას კარანტინში
აქცევს. სიფრთხილის გამო ადამიანები, ერთმანეთისაგან, ფიზიკურ დისტანციას იცავენ. თუმცა, ამავდროულად, ერთმანეთს გვერდში უდგანან და ეხმარებიან. ტელეფონით ან ინტერნეტით ამხნევებენ მარტო დარჩენილებს, სასოწარკვეთილებამდე მისული ჯანდაცვის მუშაკებისათვის ნიღბებს კერავენ, შეწირულობებს აგროვებენ იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც მიგრანტებს და უსახლკაროებს ეხმარებიან, აქტიურად იბრძვიან ისეთი პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაბალშემოსავლიან წევრებს დაიცავს.
თუ ოდესმე ყოფილა დრო, როცა კაცობრიობას უნდა ეღიარებინა, რომ დედამიწაზე ყველანი ერთ, შეკრულ ოჯახს ვეკუთვნით, სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ჩვენ ერთ პლანეტას ვინაწილებთ, საერთო წყალს ვსვამთ და ერთ ჰაერს ვსუნთქავთ.
ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ; სახლებსა თუ საავადმყოფოებში ვართ დამალულნი თუ ფრონტის წინა ხაზზე ვმუშაობთ, საერთო მტერთან ბრძოლაში ყველა ჩვენგანს ჩვენი წვლილი შეგვაქვს. როდესაც COVID-19-ს საბოლოოდ დავამარცხებთ, ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების ნაცვლად ეს გაკვეთილები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ.
ქვემოთ მოცემულია 6 გაკვეთილი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით გვასწავლოს.
1. მეცნიერება მნიშვნელოვანია
სანდო მეცნიერების დაფინანსებით, ხელმისაწვდომობითა და გააზრებით ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. კლიმატის ცვლილების შესახებ მეცნიერებას ათწლეულების განმავლობაში მკაფიო პოზიცია ჰქონდა, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით, რომ საზოგადოებისთვის საფრთხის შესახებ გვეცნობებინა, რის გამოც ქმედებები ნელა ხორციელდება და ფაქტების ფართომასშტაბური უარყოფა ხდება.
2. ჩვენს კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს, თუ როგორ ვექცევით ბუნებრივ გარემოს ჰაბიტანტებისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის გამო COVID-19-ის მსგავსი ახალი სასიკვდილო ვირუსებისა და
დაავადებებისათვის მოსახლეობაში შეღწევის პირობები იქმნება. თუ ჩვენი მიწების განადგურებას გავაგრძელებთ, ჩვენს რესურსებსაც გავანადგურებთ და ჩვენს სასოფლო-სამეურნეო სისტემებს დავაზიანებთ.
3. რაც უფრო მალე მოვახდენთ მობილიზაციას, მით უფრო ნაკლები საფრთხე დაგვემუქრება
სწრაფ და გადამწყვეტ ქმედებას შეუძლია კორონავირუსის მრუდის გასწორება და ჯანდაცვის რესურსების გამოთავისუფლება, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შეამცირებს. ასევე, კლიმატის ცვლილების მიმართულებით გადამწყვეტმა ქმედებამ შეიძლება წყალდიდობა და წყლის დეფიციტი, ბუნებრივი კატასტროფები და ზღვის დონის აწევა შეამციროს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი და დასახლება იქნება დაცული.
4. ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია რადიკალური ცვლილებების გატარება
როცა საკმარისი მოტივაცია გვექნება, შეგვიძლია, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ჩვეული მიდგომები შევცვალოთ. მთელ მსოფლიოში ჯანმრთელი ადამიანები თავიანთი ცხოვრების სტილს იცვლიან, რათა დაიცვან უფრო მოწყვლადი ადამიანები. ყველა ჩვენგანს შეუძლია საერთო საქმეში შესამჩნევი წვლილი შეიტანოს და პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
5. კრიზისის დროს ყველა ჩვენგანი მოწყვლადია, თუმცა არა ერთნაირად
სოციალურად, ეკონომიკურად ან ფიზიკურად მოწყვლადი ადამიანები ყველაზე დიდ გასაჭირში ჩავარდებიან. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობით დამძიმებული საზოგადოება კრიზისის დროს, დიდი ალბათობით, დაიშლება. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მრეწველობის დარგები და ადამიანები, რომლებიც უსამართლო მდგომარეობით ხელს ითბობენ, შეეცდებიან ხელი შეუშალონ სოციალურ გარდაქმნას, რომელსაც კრიზისი მოითხოვს.
6. სამართლიანი, მშვიდობიანი და მდგრადი დედამიწის ხედვა მომავლისათვის საჭირო ძალას მოგვცემს
2020 წლის დედამიწის დღე დაგვამახსოვრდება, როგორც დრო, როცა კაცობრიობა პანდემიისგან თავგზააბნეული იყო. თუმცა, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს წელი ასევე გვახსოვდეს, როგორც დრო, როდესაც მოულოდნელად იძულებულნი გავხდით, შეგვეჩერებინა ჩვენი საქმიანობა, ერთმანეთისთვის ყურადღება დაგვეთმო და მოქმედება დაგვეწყო.
ჩვეულ საქმიანობას - წიაღისეული საწვავის მოპოვებას, ტყეების გაჩეხვას და პლანეტის ჯანმრთელობის შეწირვას მოგების, კომფორტისა და მოხმარების სანაცვლოდ - კლიმატის კატასტროფულ ცვლილებამდე მივყავართ. დროა, რომ ეს დამანგრეველი მიდგომა წარსულს ჩავაბაროთ და ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების მდგრადი გზა ვიპოვოთ.
რა მოხდება, თუ ამ პანდემიისგან გავთავისუფლდებით მაშინ, როცა ერთმანეთზე ზრუნვის მკაცრ ვალდებულებას ავიღებთ? რა მოხდება, თუ პანდემიის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს გავითავისებთ და ვიბრძოლებთ მსოფლიოსთვის, რომელშიც ყველას შეეძლება წარმატების მიღწევა?
დედამიწის დღის 50-ე წლისთავზე, როდესაც პლანეტა შიშითა და ავადმყოფობითაა მოცული, ვუსმენთ ხმებს, რომლებიც სიბრძნისაკენ, დიდსულოვნებისაკენ, გამბედაობისაკენ და იმედისაკენ მოგვიწოდებს. და როგორც ყოველთვის, ნუგეშს ბუნებრივ გარემოში ვპოულობთ. უცაბედად დადუმებულ ქუჩებსა და ცაში ფრინველების გალობა გვესმის. წყარო: https://www.earthday.org/6-lessons-coronavirus-can-teach-us-about-climate-change/?fbclid=IwAR17iHAB3rBCogtVPDmoZ5OONYJo5Jd56rozeMZXG3oBnUVkipG3VHQCyBw
Comments