ეკოსკოლის პროგრამა გურიის რეგიონში
ეკოსკოლების პროგრამის წარმატებისთვის მონაწილე მხარეების მრავალფეროვნებაა აუცილებელი.  როგორც იცით, პროგრამა საკლასო ოთახიდან იწყება, თუმცა, მნიშვნელობით და გავლენით ცდება სკოლის კედლებს და მოიცავს საზოგადოების სხვადასხვა წევრს, ორგანიზაციას, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებს. სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგად ეკოსკოლების გავლენა არის მდგრადი და გრძელვადიანი.
 
ეკოსკოლის პროგრამით  ადგილობრივი  ხელისუფლების  დაინტერესებასა და თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ  ერთობლივი მუშაობის მიზნით,  ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გურიის წარმომადგენელი, ნინო ცეცხლაზე, ჩოხატაურის მერის პირველ მოადგილეს, მაია კუტუბიძეს და  ოზურგეთის მერის პირველ მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს შეხვდა.
 
ერთობლივი მიზნები უკვე დასახულია, რადგან გურიის რეგიონისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობა სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეკოსკოლების პროგრამის სამუშაო მიმართულებები მასთან სრულ თანხვედრაშია. ერთობლივი ნაბიჯებიც უკვე  დაიგეგმა, რაც გულისხმობს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ეკოსკოლების  ნერგებით უზრუნველყოფას  და ერთიანი აქტივობების დაგეგმვას, რომელიც მოიცავს შემეცნებით ტურებს და დასუფთავების აქციებს და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებებს.
 
თავის მხრივ კი ეკოსკოლებში ჩართული მოსწავლეები, ოზურგეთის მერიას, ქალაქის გამწვანებისთვის მათი მზრუნველობით მოვლილ კოლხური ბზის ნერგებს გადასცემენ.
 
ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება.
26.04.2022

ენების მენიუ