კონკურსი - იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე!
22 აპრილი დედამიწის დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“,  ეკოსკოლის პროგრამის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს,  7-დან 14 წლამდე,
გარემოსდაცვით კონკურსში იწვევს.
 
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ადამიანები სახლებში რჩებიან, გარემოს დაბინძურების კუთხით გაუმჯობესება არ შეინიშნება. მეტიც, ერთჯერადი დამცავი საშუალებები დაბინძურების დამატებითი წყაროც აღმოჩნდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მრავალმხრივი საკომუნიკაციო აქტივობები, რომლის პირველი ეტაპი, სახლიდან გაუსვლელად, სკოლის მოსწავლეების  აქტიურობით და მათი ოჯახის წევრების ჩართულობით  შეიძლება განხორციელდეს. 
 
სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ სკოლის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და ჩართონ მათი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებიც.
 
კონკურსის პირობები: 
 
1.თუ თქვენი სახლის მახლობლად დაბინძურების  ადგილი შენიშნეთ, აღწერეთ არსებული მდგომარეობა  და დაფიქრდით, როგორ შეიძლება  მოსახლეობას კარგად აუხსნათ, რატომ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი. ან დაფიქრდით, ხომ არ იცით ნარჩენების შესამცირებელი რაიმე ხერხი, რომელსაც გაგვიზიარებდით.
2. შექმენით თქვენი საოჯახო ჯგუფი (ბებიის ან ბაბუის, დედის ან მამის, დის ან ძმის მონაწილეობით) და მათთან ერთად მოამზადეთ ორიგინალური საკომუნიკაციო  პოსტერები (სლოგანების, მოწოდებების და ნახატების გამოყენებით), რომლის დახმარებითაც ბევრ ადამიანს ჩართავდით გარემოსდაცვით აქტივობებში და ყურადღებას გაუმახვილებდით ამ საერთო პრობლემაზე. 
3.  გაგვაცანით თქვენი ჯგუფის წევრები (ფოტოების ან ვიდეოს დახმარებით) და თქვენი ნამუშევარი ატვირთეთ სოციალურ ქსელში ჰაშთაგით, #ეკოსკოლა #იზრუნეგარემოზე  #დარჩისახლში და გამოგვიგზავნეთ ამ 
მისამართზე:info@kgt.ge
 
შემოსულ ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამოავლენს  სამ გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ეკომეგობრული პრიზები.
 
ნამუშევრების მიღება  23 მაისამდე გაგრძელდება.
 
შეგახსენებთ, რომ ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამას საქართველო აპრილის დასაწყისში შეუერთდა. მისი რეგიონალური წარმომამადგენელია, ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის ინიციატივით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონკურსი „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“.
 
22.04.2020

ენების მენიუ