რეალურია თუ არა COVID 19 კრიზისის დადებითი გავლენა კლიმატსა და გერემოზე
სანამ სამყარო ებრძვის Covid-19-ის პანდემიას, ვრცელდება რამდენიმე დადებითი სიახლე კლიმატის შესახებ, 
რომელიც გამოწვეულია აღნიშნული კრიზისით. ახალი ამბები კი ასე სათაურდება:"ისიამოვნე სუფთა ცით", "სუფთა ჰაერი", "სამყარომ კვლავ დაიწყო სუნთქვა" და ა.შ.

ყველა ეს სიახლე სიმართლეა და  სასარგებლოა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის, როგორც პოზიტიური ნაპერწკალი იმ უარყოფითი ინფორმაციის ნაკადში, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ეს დადებითი ეფექტი კლიმატზე გრძელვადიანი?  სამწუხაროდ, არა, თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული კრიზისით წარმოქმნილი სამედიცინო/პარასამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება და წარმოიქმნება...

სამედიცინო ნარჩენები და თანმდევი პროდუქტები მოიცავს მრავალფეროვანი სპექტრის სხვადასხვა მასალას:

•ინფექციური ნარჩენები - სისხლით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული ნარჩენები (მაგ. ნახმარი სადიაგნოსტიკო საშუალებები), ბაქტერიული კულტურები და ინფექციური აგენტები წარმოქმნილი ლაბორატორიული საქმიანობიდან (მაგ. აუტოფსიიდან მიღებული ნარჩენები და დაინფიცირებული ლაბორატორიული ცხოველების ნარჩენები), ან ინფიცირებული პაციენტისგან წარმოქმნილი ნარჩენები (აღებული ნაცხები, სახვევები, ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილებები.)
•პათოლოგიური ნარჩენები - ადამიანური ქსოვილები, ორგანოები და ბიოლოგიური სითხეები, სხეულის ნაწილები;
•ბასრი ნარჩენები: შპრიცები, ნემსები, ერთჯერადი სკალპელები, ლანცეტები და ა.შ.
•ქიმიური ნარჩენები - მაგ. გამხსნელები და რეაგენტები, რომლებიც გამოიყენება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სადეზინფექციო საშუალებები, სტერილიზატორები და სამედიცინო მოწყობილობებში შემავალი მძიმე მეტალები (მაგ. თერმომეტრის ვერცხლისწყალი და ბატარეები).
•ფარმაცევტული ნარჩენები - ვადაგასული, გამოუყენებელი და დაბინძურებული წამლები, ვაქცინები. 
•ციტოტოქსიკური ნარჩენები - გენოტოქსიური თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც ძალიან სახიფათოა და შეიცავს მუტაგენურ, ტერატოგენულ ან კანცეროგენულ ნივთიერებებს. აღნიშნულ ნარჩენებს წარმოქმნის ციტოტოქსიური მედიკამენტები, რომლებსაც იყენებენ კიბოს მკურნალობაში;
•რადიოაქტიური ნარჩენები - რადიონუკლიდებით დაბინძურებული პროდუქტები, მათ შორის რადიოაქტიური დიაგნოსტიკური საშუალებები, ან სხივური თერაპიის მასალები; 
•არასახიფათო ან ზოგადი ნარჩენები - ნარჩენები, რომლებიც არ ატარებს რაიმე კონკრეტულ ბიოლოგიურ, ქიმიურ, რადიოაქტიურ ან ფიზიკურ საფრთხეს.

ჯანდაცვის ნარჩენების ძირითადი წყაროა:
•საავადმყოფოები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები;
•ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები;
•მორგი და აუტოპსიის ცენტრები;
•ცხოველებზე კვლევის და ცდების ლაბორატორიები;
•სისხლის ბანკები და სისხლის აღების ადგილები;
•მოხუცთა მოვლის სახლები.

ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი რაოდენობის,დაახლოებით 85% არის ზოგადი,არასახიფათო ნარჩენები,დანარჩენი 15% ითვლება სახიფათო მასალებად,რომლებიც შეიძლება იყოს ინფექციური, 
ტოქსიკური ან რადიოაქტიური. საშუალოდ,ერთი ინფიცირებული პაციენტი დღეში წარმოქმნის 0,5 კგ სახიფათო და 3 კგ არასახიფათო ნარჩენებს,1 რაც ნიშნავს,რომ ერთი COVID-19-ით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტი წარმოქმნის 73,5 კგ ნარჩენს, თუ პაციენტი 21 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებულია, როგორც ეს რეკომენდებულია ევროკავშირის ჯანდაცვის სახელმძღვანელოს მიერ.ასე რომ, დღემდე 80 000 ტონა სამედიცინო ნარჩენები წარმოიქმნა გლობალურად, ჰოსპიტალიზირებული Covid-19 ინფიცირებული პაციენტისგან.
 
ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისგან წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენები არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას. შენიღბული და ხელთათმანებიანი ადამიანები კიდევ უფრო მეტ რისკს და საფრთხეს უქმნიან გარემოს და, რა თქმა უნდა, ეს რისკები ისევ ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.ფრთხილი  ადამიანები,მედიიდან წამოსული რეკომენდაციით,დღეში რამდენჯერმე იყენებენ ერთჯერად ნიღბებს,ხელთათმანებს და ანტისეპტიკურ ხელსახოცებს.თუ ვივარაუდებთ, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 10% დღეში მხოლოდ ერთხელ იყენებს ამ საშუალებებს, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად, ყოველდღიურად, 35 000 ტონა ნარჩები წარმოიქმნება მსოფლიოში. ვირუსებისაგან დამცავი ნიღბები იწარმოება ქიმიურად გზით მიღებული სინთეზური მასალისაგან,რომელიც გარემოში რჩება საუკუნეების განმავლობაში.რაც შეეხება ერთჯერად ხელთათმანებს, დღესდღეობით რამდენიმე სახის ხელთათმანის შეძენაა შესაძლებელი:ლატექსი,ნიტრილი და ვინილის.ლატექსის და ნიტრილის ხელთათმანები იწარმოება ბიოდეგრადირებადი მასალებისგან (მიიღება რეზინის ხეების ქერქის ნათლისგან),მაგრამ ვინილის ხელთათმანები დამზადებულია სუფთა სინთეზური მასალისგან,როგორც ერთჯერადი ნიღბები.არ აქვს მნიშვნელობა წარმოების ნედლეულის ტიპს,ერთჯერადი როგორც ნიღბები, ასევე ხელთათმანები უნდა ჩაიყაროს შერეული ნარჩენების ნაგვის ურნაში.ევროკავშირის 27 ქვეყანას აქვს შესაძლებლობები,რომ უსაფრთხოდ მოახდინოს შერეული ნარჩენების ურნებიდან შეგროვება და მისი ინსინირაცია და მიიღოს მისგან ენერგია. მაგრამ დანარჩენ 180 ქვეყნიდან ყველას არ შესწევს საშუალება/შესაძლებლობა სამედიცინო/პარასამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო შეგროვების და ინსინირაციის.
 
საქართველოს არ გააჩნია სამედიცინო ნარჩენების სათანადო და საერთოდ არ აქვს შერეული ნარჩენების ინსინირაციის ინფრასტრუქტურა.არამართული სამედიცინო ნარჩენები შეიცავენ მავნე მიკროორგანიზმებს,რომლებსაც შეუძლიათ დაინფიცირონ პაციენტები,ჯანდაცვის მუშაკები და ფართო საზოგადოება ქვეყანაში.უმართავ სამედიცინო ნარჩენებთან დაკავშირებული სხვა პოტენციური საფრთხეები შეიძლება იყოს მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები,რომლებიც ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებიდან და ნაგავსაყრელიდან გარემოში.
 
სამედიცინო და პარასამედიცინო ნარჩენების არასათანადო მოპყრობამ და განკარგვამ შეიძლება არაპირდაპირაც გამოიწვიოს ჯანმრთელობის რისკები, პათოგენებისა და ტოქსიკური დამაბინძურებლების გარემოში გავრცელების გზით.
 
• გაუვნებელყოფილებული სამედიცინო ნარჩენების განთავსებამ ნაგავსაყრელებზე შეიძლება გამოიწვიოს სასმელი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, თუ ეს ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტების დაცვით არ არის აშენებული.
• ნარჩენების ქიმიური სადეზინფექციო საშუალებებით გაუვნებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება, თუ შემდგომ ეს გაუვნებელყოფილი ნარჩენები ქიმიურ საშუალებებთან ერთად შესაბამისად არაა  დასაწყობებული და  განთავსებული. 
• სამედიცინო ნარჩენების ინსინირაცია ამ ტიპის ნარჩენების მართვის გავრცელებული ხერხია, მაგრამ არასათანადო ინსინირაციის ტექნიკა და არასწორად შერჩეული ნარჩენების ინსინირაციისათვის იწვევს ატმოსფეროში დამაბინძურებლების ემისიას და დიდი რაოდენობით ფერფლის წარმოქმნას. ინსინირებული ნარჩენები, რომლებსაც შემდგომ  ამუშავებენ ქლორით ან თვითონ შეიცავს ეს ნარჩენების ქლორს მის ინსინირაციაზე, ჰაერში წარმოქმნის დიოქსინებს და ფურანებს, რომლებიც  იწვევენ კიბოს და  ჯანმრთელობას აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს. მძიმე მეტალების ან მისი შემცველი ნარჩენების (განსაკუთრებით ტყვია, ვერცხლისწყალი და 
კადმიუმი) ინსინირაციისას ხდება მომწამვლელი მეტალების ჰაერში გავრცელება.
• მხოლოდ თანამედროვე ღუმელებს, რომლებიც მუშაობენ 850-1100 °C ტემპერატურაზე და აღჭურვილნი არიან სპეციალურ აირების წმენდის მოწყობილობით  შეუძლია დააკამყოფილოს დიოქსინებისა და ფურანების ემისიების  საერთაშორისო სტანდარტები ინსინირაციისას.
• ინისინირაციის ისეთი ალტერნატივებს, როგორებიცაა:  ავტოკლავები, მიკროტალღური ღუმელები, ცხელი ორთქლის ღუმელები ნარჩენების შიდა მორევის ფუნქციით,  მინიმუმამდე დაჰყავს ქიმიკატების ან საშიში გამონაბოლქვის წარმოქმნა წვისას და და მისი ემისია ატმოსფეროში. ამიტომ ასეთი ტექნოლოგიები აპრიორად უნდა იქნეს განხილული და განხორციელებული თუ, რა თქმა უნდა, არსებობს მშენებლობის და შემდგომ უკვე აღნიშნული ტიპის ინსფრასტრუქტურის ოპერირების რესურსები. 
სამედიცინო ნარჩენების და მისგან წარმოშობილი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ნაკლებობა, სამედიცინო ნარჩენების მართვის კუთხით შეუსაბამო ტრენინგები, ნარჩენების მართვისა და განკარგვის სისტემების არარსებობა, ფინანსური და ადამიანური რესურსების შეზღუდულობა და საკითხისადმი დაბალი პრიორიტეტის მიცემა, არის სამედიცინო ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული პრობლემები საქართველოში.
 
სამედიცინო ნარჩენების მართვა მოითხოვს მეტ ყურადღებას და საკითხის წინასწარ განჭვრეტას, რათა აცილებული იქნას ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციური აფეთქებები და ჰაერით მოწამვლის შემთხვევები.

ჯანდაცვის ნარჩენების მართვის გაუმჯობესების ძირითადი ელემენტებია:
•პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ამცირებს წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობას და უზრუნველყოფს ნარჩენების სეგრეგაციას;
•სტრატეგიებისა და სისტემების შემუშავება, ძლიერი ზედამხედველობითა და რეგულირებით, რომელიც აუმჯობესებს ნარჩენების სეგრეგაციას, გაუვნებელყოფის და განთავსების სანიმუშო პრაქტიკას, რომელიც თავისთავად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან;
•რამდენადაც შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო და ეკოლოგიურად მიზანშეწონლი გაუვნებელყოფის ტექნოლოგიას (მაგ. ავტოკლავი, მიკროტალღური ქურები, ორთქლის ღუმელები..) უფრო მეტად ვიდრე ინსინირაციის ტექნოლოგიას;
•ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა, სადაც გამჭვირვალეა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, ასევე, გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის და განკარგვის რესურსების გადანაწილება
•ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული რისკების და უსაფრთხო პრაქტიკის შესახებ;
•უსაფრთხო და ეკომეგობრული მართვის სტილის შერჩევა, რომლის მიზანია დაიცვას ადამიანები იმ საშიშროებისგან, რომელიც წარმოიქმნება ნარჩენების შეგროვების, მართვის, შენახვის, ტრანსპორტირების,  განკარგვის ან განთავსების პროცესისას.
 
მოკლედ რომ შევაფასოთ,სამედიცინო/პარასამედიცინო ნარჩენების ღია წვა, განთავსება და ინსინირაცია, როგორც ეს საქართველოში ხდება, იწვევს ფურანების და დიოქსინების გაფრქვევას ჰაერში და ქმნის მიკრობების გავრცელების საფრთხეებს. ამ მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ნაბიჯები კი მნიშვნელოვნად დაგვიცავდა იმ ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისაგან, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას და რაც ყველაზე სახიფათოა, გადაჭრიდა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული მიკრობების გავრცელებას ბუნებაში, ეს კი ძალიან დიდი საფრთხეა პაციენტებისათვის, ჯანდაცვის მუშაკებისა და საზოგადოებისათვის. 
 
რომ დავასკვნათ,Covid 19 არა მხოლოდ ხელს უწყობს დიდი რაოდენობის სამედიცინო/პარასამედიცინო ნარჩენების წარმოქმნას,არამედ ის საფრთხეს უქმნის ნარჩენების მართვის გამართულ სისტემებს, რომლებიც დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში და წარმატებულ კომპანიებში:

•ამერიკის რამდენიმე ქალაქში დაიხურა ნარჩენების რეციკლირების ცენტრები, რადგან ოფიციალური პირები შიშობენ დაავადებების გავრცელების რისკს  ასეთ ცენტრებში. მიმდინარე კრიზისით, ევროპის განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებში უკან დაიწია ნარჩენების მართვის პროცესმა: იტალიამ აუკრძალა ინფიცირებული პაციენტების ოჯახებს და საეჭვო ადამიანებს განაცალკეონ ნარჩენები საერთოდ!
•ბიზნეს სექტორმა ბოროტად ისარგებლა შემთხვევით და ხელახლა დაიწყო ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და მოხმარება, იმის მიუხედავად, რომ გარემოსდაცვითი ექსპერტების მტკიცებით ერთჯერადი პოლიეთილენის პარკებიდან და მათი ზედაპირებიდან მაინც შეიძლება მოდიოდეს ვირუსების და ბაქტერიების საფრთხე.
•ბიზნესები, რომლებიც ადრე ახალისებდნენ თავიანთ კლიენტებს, რომ გამოეყენებინათ მრავალჯერადი ჩანთები და ფინჯნები, უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ერთჯერადი მოხმარების ნივთებს. მარტის დასაწყისში სტარბაკსმა განაცხადა მრავალჯერადი გამოყენების ფინჯნების დროებითი აკრეძალვის შესახებ.  
•მომხმარებლები რჩებიან სახლი და ისინი უფრო და უფრო ხშირად ყიდულობენ ნივთებს და უკვეთავენ საკვებს ონლაინ და ეს საკვები მათ მისდით ძალიან ბევრ შესაფუთ მასალებთან ერთად. 
•წყალარინების ინსფრასტრუქტურებს ეთხოვათ, რომ გააძლიერონ თავიანთი დეზინფექციის პროცედურები, რათა შეამცირონ covid-19-ის გავრცელების შესაძლებლობა წყალკანალიზაციის სისტემების მეშვეობით. ეს სიტუაცია კი იწვევს ქლორის გაზრდილ მოხმარებას და, შესაბამისად, ამ მომწამვლელი ნივთიერების გაშვებას ბუნებაში.
•კრიზისული სიტუაციაში ადამიანის ფსიქოლოგიური განწყობა მას უბიძგებს პირველადი საჭიროებების მარაგის შექმნისკენ, ეს კი ლოგიკურად განაპირობებს გაზრდილი რაოდენობით საკვები ნარჩენების წარმოქმნას.





1გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/health-care-waste
2დირექტივა 2011/24/EU რომელიც ეხება ჯანდაცვის სერვისს წარმოებული კერძო ჰოსპიტალების მიერ.

14.04.2020

ენების მენიუ