ნარჩენების მართვა, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა!
ჟენევა, 2020 წლის 24 მარტი - რადგანაც კორონავირუსის ინფექციით (COVID-19) გამოწვეული პანდემია
გავრცელებას აგრძელებს, ხოლო მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე დღითიდღე ძლიერდება, მთავრობებს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ მიხედონ ნარჩენების მართვის სფეროს, მათ შორის სამედიცინო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახიფათო ნარჩენებს, რადგანაც ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გარემოზე შესაძლო მეორადი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.  
ასეთი აფეთქების დროს დამატებით წარმოიქმნება სამედიცინო და სახიფათო ნარჩენების მრავალი ტიპი, მათ შორის ინფიცირებული ნიღბები, ხელთათმანები და სხვა დამცავი აღჭურვილობა, ისევე როგორც იმავე სახის არაინფიცირებული ნარჩენების მეტი მოცულობა. აღნიშნული ნარჩენების არასათანადოდ მართვამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს გაუთვალისწინებელი დარტყმა მიაყენოს. ამიტომაც, ამ ნარჩენების უსაფრთხოდ მართვა და საბოლოო განთავსება საგანგებო სიტუაციაზე ეფექტურად რეაგირების სასიცოცხლო კომპონენტია.
ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს ნარჩენების ეფექტურად მართვისათვის საჭიროა ამ ნარჩენების სათანადოდ გამოვლენა, შეგროვება, დახარისხება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება და განთავსება, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა დეზინფენქცია, პერსონალის დაცვა და სწავლება. გაეროს ბაზელის კონვენციის ტექნიკურ დოკუმენტში „რეკომენდაციები ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს ნარჩენების გარემოსათვის უსაფრთხოდ მართვის თაობაზე“ (Guidelines on the Environmentally Sound Management of Biomedical and Healthcare Wastes) მოცემულია ინფორმაცია და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებაში დაეხმარება.
სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხოდ მართვისა და საბოლოო განთავსების შესახებ სხვა რესურსების ნახვა შესაძლებელია ბაზელის კონვენციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული 
ცენტრის (ბაზირებულია პეკინში) ვებგვერდზე, სადაც ჩამოთვლილია მეთოდური დოკუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მთელი რიგი. 
COVID-19-ით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორც ჩანს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხოდ მართვაც არსებითი იქნება. სამედიცინო ნარჩენები, როგორიცაა დაბინძურებული ნიღბები, ხელთათმანები, მოხმარებული ან ვადაგასული მედიკამენტები და სხვა, შეიძლება მარტივად შეერიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, თუმცა მათი მართვა უნდა მოხდეს, როგორც სახიფათო ნარჩენების და ცალკე უნდა განთავსდეს. აღნიშნული ნარჩენები სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს, ხოლო მათი შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალიზებული მუნიციპალური ან ნარჩენების მართვის ოპერატორების მიერ. ამგვარი ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების სპეციფიკა დეტალურად აღწერილია ბაზელის კონვენციის დოკუმენტში: „საინფორმაციო ბიულეტენი ჯანდაცვის სფეროს ან სამედიცინო ნარჩენების შესახებ“ (Factsheet on Healthcare or Medical Waste).
ბაზელის კონვენციის მხარეები ამაჟამად მუშაობენ სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხოდ მართვას ეხება. იგი ჯერ არაა დასრულებული, თუმცა დროებით სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოყენებული იქნას მისი პირველადი ვერსია. ბაზელის, როტერდამისა და სტოკჰოლმის კონვენციების აღმასრულებელმა მდივანმა, როლფ პაიეტმა განაცხადა: „საზოგადოების ყველა შტო ერთად დაირაზმა, რომ ვირუსი კოლექტიურად დაამარცხონ და COVID-19-ის ზემოქმედება ადამიანსა და ეკონომიკაზე მთელ მსოფლიოში მინიმუმამდე შეამცირონ. ვეჭიდებით რა ამ გრანდიოზულ და უპრეცენდენტო გამოწვევას, ყველა დონის, მათ შორის საერთაშორისო, ეროვნულ, მუნიციპალურ, ქალაქისა და რაიონის დონეებზე გადაწყვეტილების მიმღებებს დაბეჯითებით მოგმართავთ, ყველა ძალისხმევა იხმარეთ, რომ უზრუნველყოფილ იქნას ნარჩენების მართვა, მათ შორის ყურადღება მიექცეს და მართლაც პრიორიტეტული იყოს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო წყაროებიდან წარმოქმნილი ნარჩენების მართვა. ეს აუცილებელია, რათა ამ პოტენციურად საშიში ნარჩენების ნაკადების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მინიმუმამდე დავიდეს.“

წყარო: 
https://www.unenvironment.org/news-and-stories/press-release/waste-management-essential-public-service-fight-beat-covid-19?fbclid=IwAR1YW_Gj0IEZNqPUgrydnGhCB7ScPmwWXVxMCEX5ESNte12PRMaMLxQbSPg
26.03.2020

ენების მენიუ