თბილისში შვედეთ-საქართველოს მეგობრობის კუთხე გაიხსნა
2019 წლის 31 ოქტომბერს  შვედეთ-საქართველოს მეგობრობის მწვანე კუთხე გაიხსნა,
რომელიც სიმბოლოა შვედეთს-საქართველოს თანამშრომლობისა და ჩვენი სურვილისა, რომ პლანეტა სუფთა და მწვანე გავხადოთ, რადგანაც იგი ყველას საერთო სახლია. ეს მწვანე კუთხე შვედეთის სასწავლებლების კურსდამთავრებულების და ზოგადად, მოქალაქეების შეხვედრის ადგილი იქნება, სადაც მათ აზრებისა და ღირებულებების ურთიერთგაზიარება და მათთვის აქტუალური საკითხების განხილვა შეეძლებათ, სადაც მათ დახვდებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ბავშვების სათამაშო ზონა, მათ შორის პეპის სახლი.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის სასწავლებლების კურსდამთავრებულთა საქართველოს ქსელსა და მერიასთან თანამშრომლობით, ვარკეთილის პარკში მდებარე საქართველო-შვედეთის მეგობრობის მწვანე კუთხეს 150 ხის ნერგით დაეხმარება. ხეები შეირჩა კონკრეტულად ამ კლიმატური ზონის გათვალისწინებით.
როგორც ურბანულ, ასევე ბუნებრივ გარემოში თითოეული ადამიანის მიერ დარგული ერთი ხეც კი სამომავლოდ განუზომელი სარგებლის მომტანი შეიძლება გახდეს. ტყეები კლიმატის ცვლილების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური ინსტრუმენტია. ბიოაღდგენის ღონისძიებები სათბურის აირების გაფრქვევას ამცირებს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად აირს - ნახშირორჟანგს, ამცირებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების დონეს. ასეთი ღონისძიებების მეშვეობით პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. 
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაგეგმილია ბიო-აღდგენის საქმიანობის ხელშეწყობა და განხორციელება, მათ შორის 16 ჰა დასუფთავებულ ტერიტორიაზე ხისა და ბუჩქების ადგილობრივი სახეობების (16 000 ნერგი) ნერგების დარგვა საქართველოს სემიარიდულ რეგიონებში, რაც ქვეყნის ამ რეგიონებში გაუდაბნოების პროცესის შემცირებას შეუწყობს ხელს.
31.10.2019

ენების მენიუ